რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მწვანე ინვესტიციებმა მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში?

04-06-2020
რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მწვანე ინვესტიციებმა მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში?
1. რა არის მწვანე ინვესტიციები?

ზოგადად, „მწვანე ინვესტიციები“  მოიცავს იმ ინვესტიციებს, რომლებსაც სარგებლობა მოაქვთ გარემოს დაცვის კუთხით უფრო ფართო ეკოლოგიურად მდგრადი და დაბალნახშირბადიანი განვითარების კონტექსტში, მაგალითად, ინვესტიციებს შემდეგ მიმართულებებში:

Green investments

ენერგიის სუფთა / განახლებადი წყაროები, ენერგეტიკა და მასალების ეფექტიანი გამოყენება, ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების მენეჯმენტი და გადამუშავება, და სუფთა ტრანსპორტი.

ტერმინები მწვანე ინვესტიციები, მწვანე პროექტები და მწვანე ფინანსები ერთმანეთის ნაცვლად გამოიყენება. გარდა ამისა, „მწვანე ინვესტიციები“  ხშირად მოიხსენიება, როგორც „სუფთა“, „მდგრადი“, „კლიმატის ცვლილები“,  „დაბალნახშირბადიანი“,  „ეკოლოგიური“, ან „ეკოლოგიასთან დაკავშირებული“  ინვესტიციები.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს მწვანე ინვესტიციებს. იგი ქმნის ფინანსურ სისტემას, რომელიც ეხმარება ეკოლოგიურ და სოციალურ  მდგრად განვითარებასა და ზრდას.

2. რატომ უნდა განვახორციელოთ მწვანე პროექტები მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს ამის ვალდებულება?

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისათვის, თუ რატომ შეიძლება მცირე ბიზნესმა არჩევანი გააკეთოს მწვანე პროექტებზე, როდესაც სარეგულაციო პოლიტიკა ამას მკაფიოდ არ ითხოვს.

  • ხარჯების შემცირება: მცირე და საშუალო კომპანიების წარმოების პროცესიდან რესურსების რაოდენობის (ენერგია, წყალი), მასალების გამოყენების და მიღებული ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა უშუალოდ ამცირებს კომპანიის საოპერაციო ხარჯებს და შეიძლება დადებითად აისახოს მის საბალანსო უწყისზე.
  • საბაზრო უპირატესობა: კომპანიები, რომლებიც აწარმოებს მწვანე პროდუქციას და სერვისებს,  კონკურენტებისგან გამოყოფს საკუთარ საქმიანობას ბაზარზე, ხოლო მათ პროდუქციას მომხმარებელი ხშირად უფრო მეტად აფასებს: ამის შედეგია ბაზრის წილის გაუმჯობესება ეკონომიკისთვის.
  • მწვანე მიწოდების ჯაჭვები: მწვანე პროდუქტებს და სერვისებს აქვს დადებითი გავლენა კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე, ისინი ხელს უწყობენ მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობას მწვანე მიწოდების ჯაჭვებში და ზრდიან ამგვარი კომპანიების ექსპორტის პოტენციალს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა მაგ. ევროკავშირის ბაზარი.
  • ეკოლოგიური გავლენა: საკუთარი პროდუქციის, სერვისების და ბიზნესის პრაქტიკის უფრო ენერგო ან რესურსეფექტურად გარდაქმნით, მცირე კომპანიებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და კლიმატზე ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში საკუთარ ქვეყნებში.

მცირე და მიკროსაწარმოები არიან უფრო მეტად ორიენტირებული ხარჯების შემცირებაზე და მოკლევადიან მომგებიანობაზე, და არა გრძელვადიან ინვესტიციებზე ან გარემოსდაცვითი რეგულაციების დაკმაყოფილებაზე. მიუხედავად ამისა, გამოცდილება ცხადყოფს, რომ მწვანე პროექტებში ინვესტირება წარმოადგენს ყველასათვის მომგებიან სიტუაციას, რომელსაც შეუძლია როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი სარგებლობის მოტანა. მწვანე ინვესტიციების დახმარებით შეძლებთ ბიზნესის ხარჯების და გარემოზე თქვენი ბიზნესის უარყოფითი გავლენის შემცირებას. მნიშვნელოვანია სწორი ტექნოლოგიის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის, რეალისტური ბიზნეს-გეგმის შემუშავება და ხარჯების მოკლე და გრძელვადიანი მიზანშეწონილობის სწორი განსაზღვრა და შეფასება მწვანე ინვესტიციის განხორციელებისას.

ევროკავშირის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 100-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ (მათ შორის 15 ქართული კომპანია კვების, ქიმიკატების და სამშენებლო მასალების სექტორებიდან) განახორციელეს რესურსების ეფექტურობისა და სუფთა წარმოების პროგრამები. შემოთავაზებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი მოიტანოს: შესაძლებელია თითო საწარმოს მიერ დანაზოგმა მიაღწიოს 2 000 - 20 000 ევროს , ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი 100 000 ევრომდე. ამგვარი დანაზოგების იდენტიფიცირებისთვის მხარდაჭერა გრძელდება მიმდინარე პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში.

საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მრავალი წარმატების ისტორია მწვანე ინვესტიციების კუთხით, რომლებიც განხორციელდა ევროკავშირის დახმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ადეკვატური გარემოსდაცვითი რეგულაციის არარსებობა მთავარი დაბრკოლებაა მწვანე ინვესტიციების გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესში. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში გამუდმებით იმეორებენ, რომ საჭიროა მეტი სტიმული მწვანე ინვესტიციებზე მოთხოვნის ზრდისათვის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში.

3. სად შემიძლია ინფორმაციის მოძიება მწვანე ტექნოლოგიების და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ?

აწარმოე საქართველოში , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების სააგენტო (ARDA) ახორციელებენ გარკვეული სახის მხარდაჭერას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და წარადგენენ ინფორმაციას, მათ შორის მწვანე პროექტების შესახებ. ეს დამხმარე მექანიზმები შემუშავდა ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით; ხშირად, ისინი სარგებლობენ ევროკავშირის მხარდაჭერით, მაგალითად, ევროკავშირის ENPARD პროგრამამ ARDA- ს დახმარება გაუწია. ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ინიციატივა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მწვანე ინვესტიციების ჩათვლით.

ახალი შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს „ევროკავშირი კლიმატისთვის“ (EU4Climate) ფინანსური და ტექნოლოგიური კლიმატის ცვლილების ცენტრის (FINTECC) პროგრამის მეშვეობით. FINTECC არის პროგრამა, რომელიც ეხმარება EBRD-ის ქვეყნების კომპანიებს დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები.

EU4Busines ინიციატივით, საქართველოში არსებული კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შესაძლებელი ხდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თქვენი ბიზნესისთვის. ეს მოიცავს: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, და პროკრედიტ ბანკი, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოების შემდგომი დაკრედიტების მიზნით მართავენ ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ საკრედიტო ხაზებს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), EU4Business მხარდაჭერით. მათ ასევე შეუძლიათ გარკვეული ტექნიკური დახმარების გაწევა საკუთარი კლიენტებისთვის. საბოლოო მსესხებლებს ხშირად შეუძლიათ ისარგებლონ საკონსულტაციო სერვისებით და ტრენინგით განხორციელებადი პროექტების შესამუშავებლად.

როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კავკასიის ენერგოეფექტურობის მექანიზმის და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ენერგეტიკის ფინანსთა დაწესებულებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შექმნა ტექნოლოგიის სექტორი - ონლაინ ვაჭრობის მსგავსი პლატფორმა იმ ყველაზე მოწინავე მწვანე ტექნოლოგიების ჩამონათვალით, რომლებიც აუმჯობესებენ ბიზნესის და საოჯახო ენერგოეფექტურობას. ეს ინსტრუმენტი იძლევა ინფორმაციას და ეხმარება მსესხებლებს აღჭურვილობის არჩევაში. ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოშიც ხელმისაწვდომია. შემუშავებულია გამარტივებული ინსტრუმენტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ეს ტექნოლოგიები წინასწარ იყო შეფასებული და დამტკიცებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერისთვის. ხდება სიის რეგულარული განახლება მასში უახლესი ტექნოლოგიების და კომპანიების შეტანის მიზნით.

უფრო სპეციალიზებული ინფორმაცია გაიცემა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბიზნეს-ასოციაციების და რესურსეფექტური ინიციატივების მიერ, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) პარტნიორობით. დამატებითი ინფორმაცია ინიციატივის შესახებ ხელმისაწვდომია ვეროკავშირის დაფინასებული პროექტის „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ვებ-გვერდზე.

4. როგორ უნდა განვსაზღვრო მწვანე პროექტის შესაძლებლობები და ვინ დამეხმარება ამგვარი პროექტის შემუშავებაში?

მწვანე პროექტის შესაძლებლობების განსაზღვრის ერთი გზა არის კომპანიის ბიზნესის და პროდუქციის პროცესების შეფასება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) მეთოდოლოგიის გამოყენებით. მაგალითად, ეს მეთოდოლოგია მოწოდებულია გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად შესაძლებლობების და ხარვეზების განსაზღვრაში რესურსების გამოყენებისას და ბიზნესის ალტერნატიული გადაწყვეტების ძიების დროს. კომპანიის შიდა RECP-შეფასებები განსაზღვრავს არაეფექტურობას, აფასებს გაუმჯობესების შესაძლო საშუალებებს ტექნიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, და აზუსტებს პროექტის პოტენციალს შემოთავაზებული RECP საშუალებების საფუძველზე. ეს შეფასებები შეიძლება ჩაატაროს RECP ცენტრმა, რომლის ექსპერტებს შესწავლილი აქვთ შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენება და აღჭურვილები არიან გაზომვის საშუალებებით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება პროგრამის EU4Environment ფარგლებში, ხელს უწყობს ამგვარი ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბებას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე www.recp.ge.

5. როგორია ეტაპობრივი პროცესი მწვანე ინვესტიციის პროექტის მოსამზადებლად?

გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) მეთოდოლოგია არის საკონსულტაციო სერვისის საფუძველი: ექსპერტი მიდის საწარმოში, ატარებს მოკლე წინასწარ შეფასებას, განსაზღვრავს პრიორიტეტებს კომპანიის მენეჯმენტთან ერთად და იძლევა რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რომელ მეთოდს შეუძლია დაეხმაროს საწარმოს რესურსების გამოყენების შემცირებაში. რჩევები გაიცემა სხვადასხვა ასპექტებზე, მათ შორის რესურსების ჩანაცვლება, კარგი შიდა მენეჯმენტი, პროცესის და/ან პროდუქციის მოდიფიკაცია, ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება, გადამუშავების ვარიანტები და ტექნოლოგიის მოდიფიკაცია. ეს პროცესი ეხმარება პროექტთან დაკავშირებული ხარჯების და ეკონომიის, ასევე დაფინანსების პოტენციური წყაროების შეფასებას. თუ სესხის აღების სურვილი დადასტურებულია, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) ცენტრის ფინანსების სპეციალისტს შეუძლია დახმარება შერჩეული ბანკის განაცხადის შევსებაში. შემდგომ ეტაპზე რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) ექსპერტს ასევე შეუძლია დახმარება იმის განსაზღვრაში თუ როგორ დამონტაჟდეს და ამუშავდეს ახალი აღჭურვილობა.

6. რომელია საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე დაფინანსების ძირითადი წყარო მცირე ბიზნესისთვის?

ევროკავშირს მიაჩნია, რომ მცირე და საშუალო (SMEs) ბიზნესის წარმოება ეკონომიკური ცხოვრების განვითარების მთავარი ნაწილია. სწორედ ამიტომ დაიწყო EU4Business ინიციატივამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება. ჩვენ ვმუშაობთ შემდეგ პარტნიორებთან ერთად, რომ ერთად დავეხმაროთ საქართველოში არსებულ საწარმოებს მწვანე ფინანსების მოპოვებაში.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მაგ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), ავსტრიის განვითარების ბანკი) მიერ შემოთავაზებული საკრედიტო ხაზები, რომლებიც გაიცემა ადგილობრივი კომერციული ბანკების მიერ, არის გრძელვადიანი დაფინანსების მთავარი წყარო მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე ინვესტირებისთვის საქართველოში. ქართული პარტნიორი ბანკებია საქართველოს ბანკი,  ბაზის ბანკი, კრედო ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი და პროკრედიტ ბანკი.

 საბოლოო მსესხებლებზე გაცემული ნასესხები საკრედიტო ხაზების გარდა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი ასევე გასცემს საკრედიტო პორტფელის ნაწილობრივ გარანტიებს თიბისი ბანკზე და პროკრედიტ ბანკზე სქემის ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin) ფარგლებში - ეს არის ევროკავშირის პროგრამის Horizon 2020 და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პროგრამების ნაწილი. სქემის InnovFin მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მიზანია ხელი შეუწყოს და დააჩქაროს სესხის ფინანსების ხელმისაწვდომობა ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, და ის იძლევა გარანტიებს ვალის დაფინანსებაზე 25,000 - 7.5 მილიონი ევროს ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამიზნე არ არის მწვანე მცირე და საშუალო საწარმოები, როგორც ასეთი, ეს გარანტია შეიძლება გამოყენებული იყოს რისკის შესამცირებლად მცირე და საშუალო საწარმოების მიერ განხორციელებულ მწვანე ინვესტიციებზე.

საქართველოში არსებული ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მაგ. კრედო ბანკი და MFO Crystal, გასცემს სესხებს ენერფოეფექტურ საქმიანობაზე და მცირე მასშტაბის, ხშირად დეცენტრალიზებულ განახლებადი ენერგიის ობიექტებზე.

საქართველოს მთავრობამ ასევე შექმნა მხარდაჭერის მექანიზმები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ინვესტიციებში. „აწარმოე საქართველოში“  არის ძირითადი სამთავრობო პროგრამა, რომელსაც მართავს Enterprise Georgia - მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკის დანერგვაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოში. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ახორციელებს საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და ნაწილობრივ კოლატერალ გარანტიებს. ამ პროგრამის დიდი ნაწილი ინვესტირებულია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის / სასტუმროების სექტორში. გარდა ამისა, ორგანიზაციას Enterprise Georgia აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების პროგრამა და ის გასცემს მიკროსესხებს მცირე ბიზნესზე.

7. როგორია ძირითადი პირობები მცირე ბიზნესისთვის მწვანე კრედიტის მისაღებად?

კომერციული ბანკები წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების მთავარ წყაროს, მაგრამ კრედიტორები ამ სექტორს შედარებით მაღალი რისკის სექტორად თვლიან. საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალია (15%+), სესხები ზოგადად დინამიურად ფასდება მსესხებლის კრედიტის შეფასების და უფრო ფართო სასესხო ბაზარზე არსებული კონკურენციის საფუძველზე. კოლატერალთან დაკავშირებული მოთხოვნები შეიძლება ასევე მაღალი იყოს (სესხის საფასური 130% და მეტი). მიკროდაფინანსების სექტორში არსებული საკრედიტო განაკვეთები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს. სასესხო შეთავაზებების დოლარიზაცია ამცირებს განაკვეთებს, მაგრამ ასევე ქმნის პოტენციურ რისკებს ინდივიდუალური მსესხებლებისთვის, რადგან ისინი იღებენ საკუთარ შემოსავალს ლარში, სესხის დაფარვა კი დოლარში უწევთ.

მაგალითად, თიბისი ბანკის ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პროექტების პორტფელის საპროცენტო განაკვეთის შეწონილი საშუალო 2018 წელს იყო 9.2% დაფარვის საშუალო 90-თვიანი ვადით.

საკრედიტო ხაზებს გარემოს დაცვის დასაფინანსებლად მოჰყვება ტექნიკური დახმარების კომპონენტები, რომლებითაც მსესხებლებს შეუძლიათ სარგებლობა. ასეთი საკრედიტო ხაზები ასევე იძლევა სუბსიდიებს მსესხებლებზე სტიმულის სახით - ეს არის მათი მოტივაცია სესხების ასაღებად მწვანე პროექტებისთვის. ვინაიდან ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პროექტები შესამუშავებლად უფრო რთულია და მოითხოვს მეტ მონაცემებს და ინფორმაციას მათი ადეკვატური შეფასებისთვის  (მაგ. CO2-ის ემისიის სავარაუდო შემცირების გამოთვლა), საგრანტო განაცხადების მომზადება ასეთი პროექტებისთვის შესაძლოა მართლაც დიდ დროს და რესურსებს მოითხოვდეს, სტანდარტულ საბანკო სესხის განაცხადების მომზადებასთან შედარებით (მაგ. სამომხმარებლო სესხები ბინის ან მანქანის შესაძენად).

8. შესაძლებელია, რომ მთავრობა მწვანე სესხის აღებაში დამეხმაროს?

დიახ, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომლებიც დააწესა მთავრობამ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კრედიტებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და ფინანსური შეზღუდვების შესამცირებლად, მაგ. გრანტები, საკრედიტო განაკვეთების სუბსიდირების და საგარანტიო მხარდაჭერის სქემები.

ორგანიზაციას აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia) საკუთარ არსენალში აქვს რიგი ფინანსური და არა-ფინანსური ინსტრუმენტები საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში, თუ კომპანია იღებს სესხს ბანკიდან, მთავრობას შეუძლია პროცენტის ნაწილის დაფინანსება. სესხის ოდენობა უნდა იყოს 150,000 - 2,000,000 აშშ დოლარის ფარგლებში საწარმოო პროექტებისთვის და 600,000 - 2,000,000 ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. საპროცენტო განაკვეთები 11-დან 13%-მდე მერყეობს. ორგანიზაცია Enterprise Georgia აფინანსებს არა მარტო მწვანე ინვესტიციებს, ის ასევე ახორციელებს საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების 10% და ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთის 12%-ის თანადაფინანსებას 24 თვის განმავლობაში. მის მიერ შეთავაზებულ სერვისებს შორის არის ასევე კოლატერალის ნაწილობრივი გარანტიის უზრუნველყოფა 50%-მდე პირველი 48 თვისთვის. ამის ერთი პირობა ის არის, რომ სესხის 80% კაპიტალური აქტივების შეძენას უნდა ხმარდებოდეს. ამგვარი მხარდაჭერა ხორციელდება მხოლოდ ქართულ ლარში გაცემულ სესხებზე. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერის ზოგიერთ სხვა ელემენტსაც მოიცავს. მაგალითად, „საკონსულტაციო მხარდაჭერა“  სთავაზობს ტრენინგის შესაძლებლობებს შემდეგ სფეროებში: მარკეტინგი, გაყიდვები, ბიზნესის დაგეგმვა, სამეწარმეო უნარები და ხარისხის მართვა.

ინოვაციურ საწარმოებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მართავს ინოვაციური საგრანტო პროექტების განხორციელებას. მცირე გრანტები და მიკროგრანტები ეხმარება ქართულ კომპანიებს და მცირე და საშუალო საწარმოებს ბიზნესის იდეების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში. მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში – საქართველოს ეროვნულმა ინოვაციურმა ეკოსისტემამ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) დაიწყო სტარტაპების შესაბამისი გრანტების პროგრამა. აღნიშნულის მიზანია გლობალურ მასშტაბებზე მორგებადი სტარტაპების მხარდაჭერა, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის სფეროში, და მათი წვდომის გაუმჯობესება ფინანსებზე და გლობალურ ბაზრებზე.

ორივე მათგანი აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით.

9. არსებობს რაიმე სახის საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მწვანე პროექტების განხორციელებისას?

საქართველომ განახორციელა საგადასახადო რეჟიმის შემსუბუქება მცირე საწარმოებისთვის. მიკროსაწარმოები 30,000 ლარზე  (~ 9,052 ევრო) ნაკლები წლიური ბრუნვით თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო მცირე საწარმოები 500,000- ლარამდე (~ €150,870) წლიური ბრუნვით იბეგრებიან დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის 1%-ის ოდენობით. „მცირე ბიზნესის“  სტატუსი უქმდება, თუ საწარმოს ანგარიშებში ბრუნვა აჭარბებს 500,000 ლარს ორი კალენდარული წლის განმავლობაში. დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზღვარი ფიქსირებულია 100,000 ლარზე (~ €30,174), ხოლო დღგ-ს გამოქვითვის ავტომატური ახალი სისტემა 2019 წლის თებერვალში ამუშავდა. ყველა გადასახადის გადახდა სავალდებულოა ონლაინ.

არ არსებობს კონკრეტული საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო საწარმოების მიერ განხორციელებული მწვანე ინვესტიციებისთვის. მთავრობას შეუძლია განიხილოს ისეთი ვარიანტები, როგორიცაა დაჩქარებული ამორტიზაცია და გადასახადების შემცირება განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური აღჭურვილობისთვის, და შესაძლოა კორპორაციული საგადასახადო სუბსიდირება მწვანე ინვესტიციებისთვის. შეღავათები გადასახადების საფუძველზე არის იმ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს შორის, რომლებსაც მთავრობები მთელ მსოფლიოში იყენებენ ბიზნესის მოტივაციისთვის მწვანე ინვესტიციების განსახორციელებლად და მათი საქმიანობის ეკოლოგიური შედეგების გასაუმჯობესებლად.

მრავალი მსგავსი ღონისძიება გატარებული იქნა ევროკავშირის დახმარებით. მაგალითად, "აღმოსავლეთ სამეზობლოში გამწვანების ეკონომიკა" (Greening Economies in the Eastern Neighbourhood) პროექტის ფარგლებში დაევროკავშირი გარემო დაცვისთვის“ (EU4Environment).

10. გეგმავს საქართველოს მთავრობა დამატებითი ღონისძიებების შეტანას COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებულ პაკეტში, მწვანე ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მცირე და საშუალო საწარმოებისთვის?

COVID-19-ის კრიზისის გათვალისწინებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა სამინისტრომ შეიმუშავა ღონისძიებების პაკეტი ბიზნესის სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად კრიზისის დაძლევაში. ამ მხარდაჭერის პაკეტის ძირითადი ნაწილია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ლიკვიდურობის საკითხების გადაჭრა. 

მოხდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  გაფართოვება და მოდიფიკაცია ბიზნესის პირობების გასაუმჯობესებლად. ეს ცვლილებები მოიცავს შემდეგს: (i) პროგრამის მასშტაბის გაზრდა სტრატეგიული და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული სექტორების მოცვის მიზნით; (ii) თანადაფინანსების და კრედიტის დაფარვის ვადის გაზრდის შეთავაზება ამ პროგრამის საშუალებით; (ii) საოპერაციო ხარჯების დაფინანსების ზრდა; (iv) მინიმალური კრედიტის/ლიზინგის მოცულობის შემცირება. 

„მიკრო და მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამის“  ფარგლებში ორგანიზაცია Enterprise Georgia მხარს დაუჭერს მცირე კომპანიებს, რომლებიც კონკრეტულად მწვანე, ინოვაციურ და ეკოლოგიურ ბიზნესზე არიან ორიენტირებული. ამ პროგრამის გრანტების ოდენობა გაიზრდება 20,000 ლარიდან  30,000 ლარამდე, ხოლო ბენეფიციარებისგან მოთხოვნილი თანადაფინანსება შემცირდება 20%-დან 10%-მდე. 2020 წელს ამ პროგრამის დაფინანსება ოთხჯერ გაიზრდება და გახდება 40 მილიონი ლარი.  

კრედიტის საგარანტიო სქემა არის აღდგენის ძირითადი მექანიზმი, რომლის დიზაინი (ხელმეორე დიზაინი) მოხდა იმ მიზნით, რომ მისცეს მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის საშუალება საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გარეშე, ასევე ახალი სესხების მიღების, მათი ლიკვიდურობის გაუმჯობესების და თანამშრომლების შენარჩუნების საშუალება. ამ სქემის ბიუჯეტი გაიზრდება 330 მილიონ ლარამდე, რაც მისცემს მთავრობას 2,2 მილიარდ ლარამდე სასესხო პორტფელის გარანტირების საშუალებას. გარანტიებით მოცვის მაქსიმუმი ახალი სესხებისთვის გაიზრდება 90%-მდე, ხოლო რესტრუქტურიზებულ სესხებს ექნება 30%-იანი მაქსიმუმი. საგარანტიო გადასახადი შემცირდება 1%-დან 0,3%-მდე, ხოლო სესხის ოდენობა მორგებული იქნება ბიზნესის საჭიროებებზე.

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის როლის და ამ სექტორში მცირე და საშუალო საწარმოების მაღალი კონცენტრაციის გათვალისწინებით, მთავრობამ ტურიზმის მხარდასაჭერად სპეციალური მექანიზმები შემოიღო. ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის მთლიანად განთავისუფლებას საკუთრების გადასახადისგან 2020 წელს და საშემოსავლო გადასახადის ცხრა თვით გადავადებას. გარდა ამისა, მთავრობა მოახდენს იმ სასტუმროების სესხის საპროცენტო განაკვეთების 80%-ის სუბსიდირებას, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარზე ნაკლებია 6 თვის განმავლობაში (რაც საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმრავლესობას წარმოადგენს). საკრედიტო გარანტიის სქემას ექვემდებარებიან ასევე რესტორნები, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ დაძლიონ ლიკვიდურობის ხარვეზები და დააფინანსონ საკუთარი საოპერაციო ხარჯები. მთავრობა ასევე განახორციელებს ტურისტული კომპანიების/ოპერატორების საბანკო კრედიტების საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 6 თვით.

მთავრობის დამატებითი დახმარებით ისარგებლებენ ასევე ფერმერები და სოფლის მეურნეობის ბიზნესი - მთავრობა ხელს შეუწყობს საშინაო წარმოებას, მათ შორის ბიოპროდუქციას.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიებები უშუალოდ არ ახორციელებს მწვანე ინვესტირების მხარდაჭერას, ყველა მათგანი შეიძლება იყოს სასარგებლო მწვანე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

კორონავირუსის პანდემიაზე მისი გლობალური პასუხის ფარგლებში, ევროკომისია მხარში უდგას აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას საქართველოს, სომხეთს და უკრაინას საგანგებო მხარდაჭერის პაკეტის ამოქმედებით.